თეგი: ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი: თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიიდან მოხდება, ლუკაშენკო სამხედრო დანაშაულის თანამზრახველი გახდება და პუტინთან ერთად გასამართლდება

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ბელარუსის ოკუპაციას ახდენენ. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის შეფასებით, თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოს მოღალატეა. „ბატონი ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში მისი ავტორიტარული რეჟიმის დაწყებიდან კრემლის მონა და პრეზიდენტ პუტინის უძლური მსახური იყო. 2020 წელს მას საშუალება ჰქონდა, მისი ხალხის გვერდით დამდგარიყო, მაგრამ საბოლოოდ, თავისი ერის წინააღმდეგ დგომა და კრემლისთვის მსახურების გაგრძელება აირჩია. როგორც პრეზიდენტ პუტინის მარიონეტს,  ლუკაშენკოს არ აქვს უნარი, შეცვალოს და წინააღმდეგობაც კი გაუწიოს კრემლის გადაწყვეტილებას ბელორუსში 30 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ბატონ ლუკაშენკოს შეეძლო, არის კრემლის ბრძანებების შესრულება. ის დაეთანხმა დირექტივას და ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ რუსულ განლაგებას ბელორუსში. როგორც არ უნდა ეწოდოს ამ განლაგებას, იქნება ეს სწავლება თუ სამხედრო ალიანსი, ბატონი ლუკაშენკო იქნება პასუხისმგებელი მისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, სამხედრო თანამშრომლობის შედეგებზე. თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ის საერთაშორისო დანაშაულს ჩაიდენს და ამისთვის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი გაასამართლებს. თუ ეს შეჭრა მოხდება ბელორუსის ტერიტორიიდან, ბატონი ლუკაშენკო გახდება სამხედრო დანაშაულის თანამზრახველი და პუტინთან ერთად გასამართლდება. სწორედ ამიტომ, ბატონმა ლუკაშენკომ უბრალოდ უნდა ილოცოს (რადგან მას არ აქვს პუტინის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის სხვა ინსტრუმენტები), რომ ახლა ბელორუსის მიწაზე განლაგებული რუსული ჯარები არ გახდნენ უკრაინაში სამხედრო შეჭრის ნაწილი. თუ რუსული ჯარები ბელორუსიდან შემოიჭრებიან უკრაინაში ან დარჩებიან ბელორუსში განუსაზღვრელი ვადით, ეს იქნება ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ კრემლმა მოახდინა ბელორუსის ოკუპაცია და ბატონი ლუკაშენკო ბელორუსის სახელმწიფოებრიობის მოღალატეა. ეს ღალატი იქნება მისი ერთადერთი მემკვიდრეობა“, - აცხადებს ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. კუბილიუსის განცხადებით, დასავლეთი ბელორუსის ოკუპაციას მკაცრი სანქციებით უპასუხებს, როგორც ეს გააკეთა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში 2014 წელს. ეს პასუხი მოიცავს პერსონალურ სანქციებს კრემლის ოფიციალურ პირებზე, სექტორულ სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე. მისივე აზრით, საერთაშორისო ტრიბუნალის დაუყოვნებელივ უნდა დაიწყოს, რათა გაასამართლოს ლუკაშენკო ბელორუსიელი ხალხისა და ბელორუსის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. „თუ ბელორუსის სამხედროები მხარს დაუჭერენ რუსეთის შეჭრას, მისი მეთაურები ჰააგის ტრიბუნალში იმავე სკამზე, ბატონი ლუკაშენკოსა და პუტინის გვერდით აღმოჩნდებიან. თუმცა, ბელორუსის ინსტიტუტების ადმინისტრაციებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რათა დისტანცირება მოახდინონ ლუკაშენკოს ომის დანაშაულებისგან და აირჩიონ სხვა გზა, იმუშაონ არა დიქტატორისთვის, არამედ ბელორუსის ხალხის მომავლისთვის და დემოკრატიული ბელორუსის მომავლისთვის“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.  ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: მინსკს ავუხსენით, რომ პასუხი იქნება სწრაფი და გადამწყვეტი, თუ უკრაინაში შეჭრა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენებით მოხდება

ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დღის წესრიგში დადგეს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი დადგეს, თუმც ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ამ თემაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით? ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.  

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

Europetime გთავაზობთ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენეს  (EPP-ის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ერთობლივ წერილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოახლოებულ დასკვნას უძღვნიან. „ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ დიდი ხნის წინ ნანატრი რეკომენდაციებით გამოვა. შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროპულ საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით გვინდა, გავამხნევოთ ქართული პოლიტიკური ძალები და ქართველი ხალხი, რომ იმედგაცრუებული არ დარჩნენ თუ შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, სამაგიეროდ, საბოლოოდ გავაერთიანოთ ძალები საერთო სამუშაოსთვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სათავებთან იდგა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის. შედეგად, გარე თვალით დაკვირებისას, ამ დროს სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ და აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება შეიძლება. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და პროევროპული დღის წესრიგის წინსვლას, „შარლ მიშელის შეთანხმება“ ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, როგორც კი კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, სასჯელი გამოუტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს, რამაც სურათს კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა. გარდა ამისა, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინელები იცავენ არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიას და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და, მარტივია იმის გაგება, რომ უკრაინა, როგორც ყინულის გამლღობი, ასევე ხსნის კარს მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს. ხანდახან ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება. ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს აშკარა ისტორიული მაგალითები, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები განმცხადებელ ქვეყანაში არამხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირში, არამედ შეაჩერეს მისი გაწევრიანება. ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ ვერ მიიღო მიწვევა, შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. ახალ მთავრობას სლოვაკეთში ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა, გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან.ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის რეალური ვალდებულება და ერთიანი ძალისხმევა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს სხვებისთვის მისი გადაცემის დემოკრატიული გზები, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაჭიდების გარეშე.   მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწიოს  - დღევანდელი პოლიტიკური სტრუქტურა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერობით თუ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნულია წერილში.  

ანდრიუს კუბილიუსი: გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი, საჭიროა კრიტერიუმების დაკმაყოფილება

ჩვენ გვსურს, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას ვიოლა ფონ კრამონი:ჩვენ დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი ვხედავთ, რომ რეფორმების ნაცვლად, პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა მარკეტა გრეგორევა: ჩემი ჯგუფი მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის სანქციებს ხმას არ მისცემს მარინა კალიურანდი:მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი მისი თქმით, კრიტერიუმების დაკმაყოფილება პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკასა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. „რატომ განვიხილავთ ამ საკითხს, სადაც შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე. სწორედ აქედან მოდის ჩვენი შეშფოთება. მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობის გამიზნული პოლიტიკის მსხვერპლი, რათა საქართველოში სამართლიანობის პოლიტიზება მოხდეს, ეს სრულიად მიუღებელია. სწორედ ამას ამბობს ეს რეზოლუციაც ძალიან მკაფიო ფორმით. პირველად არ ხდება, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნები მსგავსი ვითარების წინაშე არიან. 1997 წელს სლოვაკეთი არ მიიწვიეს მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან სლოვაკეთის პოპულისტური პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ მეჩიარი იმ დროს ანადგურებდა დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს. სლოვაკმა ხალხმა გადაჭრა ეს პრობლემა და გადაირჩია მეჩიარის მთავრობა. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას არ გაიმეოროს ვლადიმირ მეჩიარის შეცდომები“, – განაცხადა კუბილიუსმა. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.

ანდრიუს კუბილიუსი: განცხადებები, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს

„საქართველო ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ჩვენ უნდა ვეძიოთ გზები, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გადაჭრას პრობლემები, რომლებზეც ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამ მირებულ დოკუმენტებში მიუთითეს“, - შესაბამისი განცხადებით, ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა. „მე ვფიქრობ, რომ სვენ მიქსერის მოხსენება გარკვეულწილად დახმარება იქნება, რადგან ისე ჩანს, რომ განსაკუთრებით, მთავრობაში, მმართველ პარტიაში არ ესმით, ან თავს გვაჩვენებენ, რომ არ ესმით, რას ნიშნავს ეს პუნქტები. მაგალითად, პირველი ნაწილი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს. თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის შეთანხმებას, ჩანს, რომ მთავრობა საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პარლამენტში შექმნეს კომისია დეპოლარიზაციისთვის, თუმცა თუ მათ გასმოსვლებს მოუსმენთ, ეს პოლარიზაციის გაზრდას უფრო ჰგავს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და ომში ჩათრევაზე მმართველი პარტიის ლიდერების, მათ შორის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა. „ადანაშაულებენ ყველას - არამარტო ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ აშშ-ის ელჩს, ევროკავშირს, რომ თითქოს, ჩვენ ვითრევთ საქართველოს ომში, რაც სრული აბსურდია. ეს კრემლის პროპაგანდას ჰგავს. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია დამნაშავე. ახლა, საქართველოს მთავრობა ამბობს იგივეს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ხსენებული ანგარიში, რომ ავუხსნათ, რას ნიშნავს ჩამოთვლილი რეკომენდაციები. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია. როგორც ჩანს, არ ესმით. ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ ძირითადი პრიორიტეტები უნდა შეასრულოს ოლიგარქი არის ადამინი, რომელსაც აქვს ბევრი ფული და რომელიც იტაცებს სახელმწიფოს და ვისაც შეუძლია, დანიშნოს თავისი დაცვა, ყოფილი დაცვა, ყოფილი მრჩევლები და ასისტენტები მინისტრებად და პრემიერ-მინისტრად. ასეთი ერთადერთი პერსონაა საქართველში - ბიძინა ივანიშვილი. უნდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში და ავუხსნათ ხელისუფლებას, რა არის ჩვენი მოლოდინი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარები: კრემლს ტერიტორიის 20%-ის გარდა, საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპირება სურს

ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ევროპარლამენტარები საქართველოს სუვერენიტიტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართმხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. "[აგვისტოს ომი] იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაგირება კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ხოლო კიდევ 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ... წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები. ამავე განცხადებაში ევროპარლამენტარები საუბრობენ რუსეთის მიზნებზე საქართველოში და ხელისუფლებას აკრიტიკებენ.  "რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც ჩნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში", - წერია განცხადებაში.  ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის შემოთავაზებული 12 პირობა შესრულდეს.  

კუბილიუსის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს MAP-ი არ მისცეს

ევროპარლამენტარი (EPP) ანდრიუს კუბილიუსი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს.  ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა, რომ „რუსეთის იმპერიული ძალების მიერ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. „ჩვენ ახლა შეგვიძლია, კიდევ უფრო მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭათ ეს გეგმა, რითაც კრემლმა იგრძნო, რომ რაც სურს, იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო და უკრაინა.  იმპერიული, კოლონიური ომი, რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა. შემდეგ, ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით. საქართველოში ომის შემდეგ, პუტინთან დიალოგის ძალისხმევა იყო, რაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომაა ", - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით.

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში შესაძლოა, 2029 წელს გაწევრიანდნენ, სად იქნება ამ დროს საქართველო?

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. მისივე აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც ეს ქვეყნები, აქვე კუბილიუსის შეფასებით, ისმის კითხვა - სად იქნება საქართველო ამ დროს? „თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი - ივანიშვილის გავლენასთან. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა, გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.  

ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ ლიდერს პოლიტიკური კულტურას უწუნებს. კუბილიუსი აზრით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს.  „ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს ბოდიში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. ის სასაუბრო ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და ზიანს აყენებს „ქართული ოცნების“ განცხადებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესახებ“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.  ევროპული პარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება ვერ მიიღო. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“.    

კობახიძე ბოდიშის მოხდაზე კუბილიუსის მოთხოვნას პასუხობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.  ანდრიუს კუბილიუსი: კობახიძის განცხადებები სრულიად შეუსაბამოა ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან ირაკლი კობახიძის თქმით, „კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამიტომ, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი“. „რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოგვისმენს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავის მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს

იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამის შესახებ ევროპალამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  „რა თქმა უნდა, ყველას, საქართველოს მოქალაქეებსა და პარტნიორებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, გვენახა როგორ შეასრულებს საქართველო 12-პუნქტიან მოთხოვნებს და კანდიდატი ქვეყანა გახდება. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ევროკავშირის ლიდერების პოზიციებში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური სურვილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო. ევროკავშირის მხრიდან ნათელი გაგება არსებობს, რომ გაფართოება უნდა წავიდეს წინ, უფრო ამბიციურად, უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ევროკავშირის ინსტიტუტებს ვუბიძგებთ, რომ წინ იმოძრაონ, და თუ საქართველო ვერ შეასრულებს პირობებს, ნელა იმოძრავებს ამ პირობების შესრულების გზაზე, თუ  ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, ეს თქვენთვის სასარგებლო არ იქნება“, - აღნიშნა კუბილიუსმა. ამასთან კუბილიუსი აცხდებს, რომ ცდლობენ დაარწმუნონ საქართვეელოს მთავრობა, რომ პოლიტიკური თამაშები შეწყვიტონ.  „ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები. არ ვიცი რა დავარქვა იმას, როცა მმართველი პარტია იმაზეა გადართული ვინ დაადანაშაულოს. ადანაშაულებს ელჩებს, საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში. მათ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად, საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულონ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს", - ამბობს კუბილიუსი.

ანდრიუს კუბილიუსი: 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვის

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო." კუბილიუსის თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის. „ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ, ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს," - განაცხადა კუბილიუსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.  

კუბილიუსი ორბანს: თქვენ ვერ დაამარცხებთ მთელ ევროპას და უკრაინას

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება. „დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ ხვალ უნდა მიიღოს, მთელი ევროპის კონტინენტის მომავალს შეცვლის. მაგრამ თუ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება,“ - განაცხადა კუბილიუსმა. „ეს იქნება უკრაინის და უკრაინელი ხალხის ღალატი, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დასაცავად იღუპებიან, რომლებიც მათ პროევროპულ არჩევანს იცავენ. ეს იქნება უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ღალატი, რომელიც გაერთიანდა და ვიქტორ ორბანს მიმართა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭიროს“, - აღნიშნა კუბილიუსმა. კუბილიუსმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ იგი ვერც ევროპის და ვერს უკრაინის დამარცხებას ვერ შეძლებს. „ეს იქნება დასავლეთ ბალკანეთის ღალატი, რადგან უკრაინა, გაფართოების პროცესის ისტორიული სტაგნაციის დროს, რომლის პირველი მსხვერპლიც დასავლეთ ბალკანეთი იყო, ყინულმჭრელის როლს ასრულებს. ეს მთელი ევროპის ღალატი იქნება. მომენტი, როცა ღალატის მომსწრე ხდები, არ არის მშვენიერი, მაგრამ საბოლოოდ, ის გაგვაძლიერებს. ბატონო ვიქტორ ორბან, თქვენ ვერც მთელ ევროპას და ვერც უკრაინას დაამარცხებთ!“ - განაცხადა კუბილიუსმა.